Page 4 - Demo
P. 4
რედაქტორის წერილი
დასრულდა თავგადასავლებითა და ეგზოტიკური მოგზაურობებით აღსავსე ზაფხული და ჩვენც ახალი, საშემოდგომო ნომრით დაგიბრუნდით. იმედი
მაქვს, ჩვენი რჩევებისა და რეკომენდაციების დახმარებით, დაუვიწყარი შვებულება გაატარეთ და ეს განწყობა ქალაქში დაბრუნებულებსაც გამოგყვათ
მოგეხსენებათ, შემოდგომა საქორწილოდ იდეალური პერიოდია და სწორედ ამიტომ HELLO!-ს სექტემბრის ნომერი მომავალი პატარძლებისთვის ერთგვარი გზამკვლევის როლს შეასრულებს. ჩვენი ფურცლებიდან შეიტყობთ, როგორი სტილის სადედოფლო კაბებია მოდური, როგორ შეუხამოთ ამ ყველაფერს ტრენდული სამკაული და აქსესუარები, და როგორ აქციოთ ეს უბედნიერესი დღე კიდევ უფრო დაუვიწყარ მოგონებად.
ცხადია, საქორწილო ნომერი REAL LIFE პატარძლების გარეშე ვერ ჩაივლიდა. ჩვენი ჟურნალის მეშვეობით, იტალიელი სუპერმოდელის – ბიანკა ბალტის ქორწილის ექსკლუზიურ დეტალებს შეიტყობთ და ულამაზესი ფოტოებითაც დატკბებით.
ბიანკასთან ერთად, შეხვდებით ქართველ ვარსკვლავებსაც – ყველაზე სასურველ საპატარძლოებსა და სასიძოებს ჩვენი ფოტოსესიის ფარგლებში „შატო მუხრანი“ მასპინძლობს. ახალდაქორწინებული მოდელი ელენე მახარაშვილი კი სანაპიროზე გამართული ულამაზესი ცერემონიალის დეტალებს გაგვაცნობს.
მივადექით LIFESTYLE-ის ბლოკს, სადაც ცხადია ძირითადი თემა კვლავაც საქორწილო ციებ-ცხელებაა. წამყვანი დიზაინერების ჩვენ მიერ შერჩეული კოლექციები ნებისმიერი პატარძლისთვის გახდება იდეალური დამხმარე სასურველი კაბის ძიების მძიმე და საკმაოდ სტრესულ საკითხში. სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, ორიოდე სიტყვით საშემოდგომო გარდერობის განახლებაზეც მოგახსენებთ.
სექტემბერი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საკვანძო თვეა. ეს პერიოდი იდეალურია ახალი სამოსისა და აქსესუარების შესაძენად. სწორედ ამიტომ, ჩვენი
მოდის რედაქტორი მსოფლიო პოდიუმებზე დაყრდნობით შედგენილ მომავალი 3 თვის მოდურ ტენდენციებს გაგაცნობთ, რათა გარდერობის განახლებისთვის საჭირო აუცილებელი ინსპირაცია და განწყობა გადმოგედოთ.
საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ საქორწილო აქსესუარების, სამკაულების, გვირგვინებისა და მოდური დეტალების შერჩევასაც, რათა მომავალ პატარძლებს საქმე შევუმსუბუქოთ.
ვფიქრობ სექტემბრის ნომერი იდეალური გზამკვლევი გახდება როგორც მომავალი პატარძლებისთვის, ასევე მათთვის, ვინც მეგობრის ქორწილისთვის ემზადება. საკმაოდ სახალისო საკითხავთან ერთად, ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც გიტოვებთ და იმედი მაქვს, შემოდგომის წვიმიან ამინდებში HELLO! თქვენთვის კვლავაც იქნება შეუცვლელი მეგობარი. გემშვიდობებით ოქტომბრამდე.
ნინო იოსელიანი
მთავარი რედაქტორი
გვ.84 გვ.90
გვ.58 გვ.110
გვ.32
4
რედაქტორის
არჩევანი

